აშშ-მა უკრაინისთვის NASAMS–ების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
25/05/2023 05:59:22 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.
პენტაგონის შემადგენლობაში შემავალი უსაფრთხოების სააგენტოს (DSCA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, NASAMS სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. ასევე საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე.
ნორვეგიულ-ამერიკული წარმოების NASAMS საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ უსასყიდლოდ, აშშ-ის სამხედრო დახმარების ფარგლებში, პირველი NASAMS 2022 წლის შემოდგომაზე მიიღო.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უკრაინას უკვე აქვს 2 ასეთი სისტემა, აშშ სამხედრო დახმარების პაკეტით კიდევ 6-ს გადასცემს და მას შემდეგ, რაც კიევი ერთ სისტემას თავად შეიძენს, უკრაინას 9 NASAMS ექნება.


