რუსეთი უკრაინას ბოსფორთან მყოფ რუსულ გემზე უპილოტო კატარღებით თავდასხმაში ადანაშაულებს
24/05/2023 18:50:29 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემ „ივან ხურსზე“ უპილოტო კატარღებით თავდასხმაში ადანაშაულებს.
"24 მაისს დილით ადრე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გემზე იერიში სამი უპილოტო კატარღით მიიტანეს ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით, 140 კილომეტრში. ყველა კატარღა ცეცხლით განადგურდა, რუსული გემი კი არ დაზიანებულა", – ირწმუნება თავდაცვის უწყება.
მისი ცნობით, „ივან ხურსი“ „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ მილსადენების ექსპლუატაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ოთხშაბათს დილით არაერთმა რუსულმა ტელეგრამის არხმა დაწერა გემზე საზღვაო უპილოტო კატარღების თავდასხმის შესახებ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი იტყობინებოდა, რომ თავდასხმა თურქეთის სანაპიროსთან ბევრად უფრო ახლოს მოხდა, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.
უკრაინას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.


