სტოლტენბერგი: "ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი შუა ომის დროს დღის წესრიგში არ დგას"
24/05/2023 18:03:30 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებამდე უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმებში არ შედის. ამის შესახებ მან ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „გზა ვილნიუსისკენ“ საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი შუა ომის დროს დღის წესრიგში არ დგას. ეს ომის შემდგომ საკითხად რჩება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ფაქტობრივად, ეს ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი შარშან მადრიდის სამიტზე და არაერთხელ განმეორდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო–ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. როდის უნდა მოხდეს გაწვრიანება ნატო–ს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. ყველა ვთანხმდებით, რომ ახლა ყველაზე გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანა უკრაინის, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფაა იმიტომ, რომ, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, მაშინ წევრობის საკითხი არ განიხილება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


