პარლამენტი: პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა
24/05/2023 11:08:10 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე.
„ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, “- ნათქვაია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ნატო–ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.
მანამდე ხავიერ კოლომინა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


