პრიგოჟინი: კიევის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს
24/05/2023 06:06:51 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ სულ სხვა შედეგი მოიტანა.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს.
"რუსები უკრაინაში თავხედურად მივიდნენ და ნაცისტების ძებნაში მთელ ტერიტორიას ჩექმით გადაუარეს, შემდეგ კიევს მიუახლოვდნენ, მაგრამ ჩაისვარეს და უკან დაიხიეს და იგივე მოხდა ხერსონის და სხვა მიმართულებებითაც. დენაციფიკაციით უკრაინა აქციეს ნაციად, რომელიც ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება დემილიტარიზაციას, თუ სპეცოპერაციის დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. შედეგი საპირისპიროა - არა დემილიტარიზაცია, არამედ მილიტარიზაცია. დღეს უკრაინელებს ჰყავთ ერთ-ერთი უძლიერესი, კარგად ორგანიზებული არმია, მომზადების მაღალი დონით, კარგი დაზვერვით, სხვადასხვა შეიარაღებით და ერთნაირი წარმატებით იყენებენ როგორც საბჭოთა, ისე ნატო–ს ნებისმიერ სისტემას", – განაცხადა პრიგოჟინმა.


