ანა ნაცვლიშვილი: იმ სიმძიმის ხიფათს, რის წინაშეც ხელისუფლებამ საქართველო დააყენა, მარტო ოპოზიცია ვერ უპასუხებს, ქუდზე კაცია საჭირო
23/05/2023 18:23:27 მსოფლიო
"ამ სიმძიმის ხიფათს, რის წინაშეც დღეს ხელისუფლებამ საქართველო დააყენა, საგარეო კურსის ცვლილებით, დასავლეთთან დაშორებით და რუსეთთან ჩახუტებით, მარტო პოლიტიკური ოპოზიცია ვერ უპასუხებს, ქუდზე კაცია საჭირო", - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული ხიფათის გამო საზოგადოების დისციპლინირებული, სტრატეგიული და ყოველდღიური ქმედებებია საჭირო:
„ეს არ არის იმ სიმძიმის ამოცანა, რომლის აწევაც ოპოზიციას შეუძლია, სულ რომ იდეალურ მდგომარეობაში იყოს. ამას მთელი საზოგადოების ქმედება სჭირდება - დისციპლინირებული, სტრატეგიული, ყოველდღიური და არა ფრაგმენტული და მხოლოდ ემოციური. ამ ბრძოლაში სხვადასხვა ფორმაა მოსაძებნი. საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ქუდზე კაცია საჭირო, იმ სიმძიმის ხიფათია ქვეყნის წინ“.
მისივე შეფასებით, "საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკა აქვს":
„კაპიტულანტური პოზიცია გვაქვს და რუსეთს ვაბარებთ ქვეყანასო, ამას ხომ არ იტყვიან?! სიმართლე რა არის - საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მე, როგორც მოქალაქეს და ოპოზიციის წარმომადგენელს ორი მოთხოვნა მაქვს - გაატარონ 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, რაც საქართველოს მისცემს სტატუსს და შესაბამისად, ევროკავშირის მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯს გადაადგმევინებს - ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება; მეორე და მნიშვნელოვანი - დღეს საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია რუსეთთან ურთიერთობის სტატუს-კვოს შენარჩუნებით კი არა, დათბობით და დაახლოებით, ხოლო დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და დაშორებით.
ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დათბობის და ჩახუტების, ხოლო დასავლეთთან დაშორების და ხიდების დაწვის პოლიტიკა. სხვა ვერაფრით აიხსნება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური რიტორიკა, ტროლების და ბოტების ქარხანა, რომელიც რამდენიმე თვეა მიზანმიმართულად მუშაობს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდაზე“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


