კიევი ორბანს პასუხობს: "ცდებოდა მაშინ, ცდება ახლაც"
23/05/2023 12:55:59 პოლიტიკა, მსოფლიო
უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, – „ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ჩემი, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, არ მუშაობს“, – აღნიშნა ორბანმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ემოციურად „ტრაგიკულია“ და უნგრელების გული უკრაინელებთანაა. ორბანის თქმით, უნგრეთს ესმის, რამდენად იტანჯებიან უკრაინელები.
„მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს, რაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უნგრეთის მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ უნგრეთში მთელ ამ სიტუაციას განსაკუთრებული კუთხით განიხილავენ.
ორბანს კიევიდან უკვე უპასუხეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უნგრელი პრემიერის პოზიციას მხოლოდ კრემლი უჭერს მხარს, უკრაინა კი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას გეგმავს.
"რუსეთის აგრესიის კომენტირებისას ორბანმა განაცხადა, რომ თურმე, მნიშვნელობა არ აქვს, იგი ვისთან შეიჭრა. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომის მოგებას ვერ შეძლებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაზე პასუხისმგებლობა მოუხსნა. მაგრამ იგივე ევროპელი პოლიტიკოსები გასულ წელს იმასაც ამბობდნენ, რომ უკრაინა სამოცდათორემტ საათზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ისინი შეცდნენ მაშინ, ცდებიან ახლაც. მტრის წინაშე უომარი კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსული ოკუპაციისგან ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად, ეს ერთადერთი გზა არის არამარტო უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად, არამედ მთელს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"- განაცხადა ნიკოლენკომ.


