NATO უკრაინის აღმოსავლეთევროპულ ისრაელად გადაქცევაზე ფიქრობს
23/05/2023 06:12:59 მსოფლიო
NATO-ს წევრი ქვეყნები განიხილავენ უკრაინასთან გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც კიევი დასავლურ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნოლოგიებს მიიRebs, - იუწყება Wall Street Journal - ი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდაზე დაყრდნობით,
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბადიენი და სხვა დასავლელი ლიდერები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინასთან NATO-ს ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-ისრაელის თანამშრომლობის მაგალითზე, შეიძლება აიგოს. როგორც ცნობილია, ამჟამად აშშ-სა და ისრაელს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომელიც ათი წლის განმავლობაში ებრაული მხარისთვის ამერიკული შეიარაღების მრავალმილიარდიან მიწოდებებს ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ს არ აუღია ვალდებულება, ისრაელს საგარეო აგრესიის შემთხვევაში საკუთარი ჯარით დაეხმაროს.
როგორც Wall Street Journal-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ, უკრაინასთან ურთიერთქმედების იმგვარი ფორმულა იპოვონ, რომელიც კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობას შექმნის იმ თეზისიდან გამომდინარე, რომ უკრაინა უახლოეს წლებში, მაღალი ალბათობით, NATO-ს წევრი ვერ გახდება. მსგავსმა შეთანხმებამ კრემლს ყოველგვარი იმედი უნდა მოუსპოს იმისა, რომ განგრძობადი ომი მისი ინტერესების რეალიზებას უზრუნველყოფს, რადგან დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა დროთა განმავლობაში შესუსტდება.
"რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე მიიღო და ამ გარანტიების მოქმედება დროთა განმავლობაში არ შესუსტდება" - განუცხადა Wall Street Journal -ს ანჯეი დუდამ.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე უკრაინა-NATO-ს საბჭოს შექმნა გამოცხადდება. ეს კიევს საბჭოს სხდომების მოწვევისა და ალიანსის წევრი ქვეყნებისადმი დახმარების თხოვნით მიმართვის შესაძლებლობას შექმნის. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების უშუალო მონაწილეებად აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია უნდა იქცნენ.
უკრაინის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი NATO-ში გაწევრიანების პროცესი, დასავლელი ლიდერები არ მალავენ,. რომ უახლოეს ხანებში ქვეყნის ალიანსში მიღება შეუძლებელია. როგორც Wall Street Journal-ს პოლონეთის პრეზიდენტმა განუცხადა, მართალია, ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ რუსეთის შეჭრამ კიევს NATO-სკენ გზა საბოლოოდ გაუხსნა.


