აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს
23/05/2023 06:12:45 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ამჯერად შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
მას 22 მაისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს "მაშინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლაც განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის".
მილერმა გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადრეც გამოთქმული პოზიცია, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. მისი თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მან არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ს რეაქციის რაიმე გეგმა.
გასულ კვირაში საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კახეთში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაშია.


