Vyorstka: ბახმუტისთვის ბრძოლაში "ვაგნერმა" 500-ზე მეტი წევრი დაკარგა
23/05/2023 06:03:23 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის წარმოებულ ბრძოლაში რუსეთის გასამხედროებულმა ჯგუფმა "ვაგნერმა" 500-ზე მეტი წევრი დაკარგა, თუმცა რეალური დანაკარგი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, – იუწყება გამოცემა Vyorstka.
გამოცემამ გააანალიზა "ვაგნერის" წევრების ნათესავების საინტერნეტო შეტყობინებები და დაადგინა დროის ის შუალედები, როცა ჯგუფი ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდიდა. ამავე დროს, ჟურნალისტებმა ეს მონაცემები შეუფარდეს აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მასალებს და დაადგინეს რომელი შეტაკებები იყო ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი ჯგუფისათვის. როგორც Vyorstka იტყობინება ყველაზე სისხლიანი ჯგუფისთვის ზამთრის პირველი თვეები იყო.
პარალელურად, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი დაჯგუფების მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებენ.
პრიგოჟინი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს. კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.


