უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება
23/05/2023 05:52:22 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე20 სარაკეტო და 48 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 90-ჯერ დაცხრილეს.
გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების ქალაქებზე, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ქალაქ დნიპროში სარაკეტო დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა და ტექნიკა იყო.
უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა სცადეს კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატით და ყველა მათგანი განადგურებულია.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოხდა 30-ზე მეტი შეტაკება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მისი ცნობით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.


