ჩინეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზას ააშენებენ
22/05/2023 22:19:33 მსოფლიო
ჩინეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი შეთანხმდნენ რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც ევროპისთვის ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.
პროექტის შემდგომი სარეალიზაციო ნაბიჯების შესახებ დოკუმენტს, რომელიც ჩინეთმა გასული წლის შემოდგომაზე დააინიცირა, გასული კვირის ბოლოს სიანში მოეწერა ხელი, სადაც ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა ყოფილი სსრკ-ის ხუთი ცენტრალურაზიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა.
თითქმის 500-კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც ევროპამდე გზის 7-8 დღით დამოკლებისა და დასავლური სანქციების ფონზე ტოქსიკურად ქცეული რუსეთის გვერდის ავლის შესაძლებლობას შექმნის, ყირგიზეთში, თორუგარტის უღელტეხილზე დაიწყება, ჩრდილოეთით ჯალალ-აბადამდე გაივლის და იქ უზბეკეთის სარკინიგზო ქსელს მიუერთდება. იქიდან დაგეგმილია მარშრუტის გაგრძელება თურქეთამდე, ბოლო წერტილი კი ევროკავშირის სარკინიგზო სისტემა იქნება.
წინასწარი გათვლით, ახალი მაგისტრალით ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ შეიძლება, წელიწადში 5 მლნ ტონას მიაღწიოს.
სამიტზე სი ძინპინი ხუთი ცენტრალურაზიური რესპუბლიკის ლიდერებს 26 მლრდ იუანის ($3,6 მლრდ) ფინანსურ მხარდაჭერასა და "უფასო დახმარებას" დაჰპირდა, პარალელურად კი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა.
გამოცემა "სინხუას" ინფორმაციით, სიმ "რეგიონში მშვიდობის გარანტირებისთვის" ცენტრალურაზიური რესპუბლიკების "თავდაცვის განმტკიცებისა და ეროვნუი უსაფრთხოებების უზრუნველსაყოფად მათი შესაძლებლობების გაზრდის" მზადყოფნა გამოთქვა.
ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ხსენებულ ცენტრალურაზიურ რესპუბლიკებთან ჩინეთის ტვირთბრუნვამ $70,2 მლრდ შეადგინა, ამასთან, ევროპისკენ მისი ტვრთნაკადის 80% სწორედ მათი ტერიტორიების გავლით განხორციელდა.


