ჩინეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს სამხედრო და ეკონომიკურ ალიანსს სთავაზობს
22/05/2023 12:19:15 მსოფლიო
ჩინეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის ზრდას განაგრძობს და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით თავისი "ქოლგის" ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ეს უპირველესად, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ეხებათ.
გასული კვირის ბოლოს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ხელმძღვანელებს შეხვდა და თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა, მათ შორის - სამხედრო სფეროში.
С5-ის სახელით ცნობილი ამ ჯგუფის პირველი პირისპირ სამიტი სიანში - ჩინეთის ძველ დედაქალაქში გაიმართა, - სწორედ იქ, საიდანაც ლეგენდარული "აბრეშუმი გზა" იღებდა სათავეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სი ძინპინმა დააფიქსირა ჩინეთის მზაობა, გაამყაროს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების თავდაცვა, გაზარდოს მათი შესაძლებლობები უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა "რეგიონში მშვიდობა იქნას უზრუნველყოფილი", - წერდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა".
ამასთან, ძინპინმა გააკეთა განცხადება 26 მლრდ იუანის ($3,6 ლრდ) ოდენობის ფინანსური მხარდაჭერისა და "უფასო დახმარების" გამოყოფის გეგმის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოხმარდება ეს თანხები.
როგორც ამასთან დაკავშირებით "Financial Times"-ს Carnegie Russia Eurasia Center-ის მკვლევარმა თიმურ უმაროვმა განუცხადა, მაღალი ალბათობით, ჩინეთი უახლოეს ხანებში განაახლებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთობლივ წვრთნებს, მათ შორის - ჩინეთის შინაგანი ჯარის მონაწილეობით, პეკინის განსაკუთრებულ ინტერესს კი ამ კუთხით იწვევს ტაჯიკეთი, რომელიც არა მარტო ჩინეთს, არამედ ავღანეთსაც ესაზღვრება.
“ტაჯიკეთის ჯარს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ყველაზე ძლიერს ცენტრალური აზიის რეგიონში, ამდენად, პეკინის თვალთახედვით, ეს მისი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ზომების გაგრძელება იქნება" - განმარტავს მკვლევარი.
ბოლო დრომდე კრემლის ორბიტაზე მყოფი ცენტრალურაზიური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ახლა, უკრაინის ომისა და მისით გამოწვეული დასავლური სანქციების ფონზე ტოქსიკურად ქცეული რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ. ყაზახეთმა, მაგალითად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, გასულ წელს კი სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შესახებ შეთანხმება გააფორმა თურქეთთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ნატო-ს წევრი სახელმწიფოა.
"რეგიონში მოსკოვის გავლენა აშკარად იკლებს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ პეკინი მოსკოვს უახლოეს ხანებში სრულად ჩაანაცვლებს, ნაადრევია: მათ შორის სადღეისოდ რეგიონში ერთგვარი ჩუმი კონკურენციაა" - თვლის ტაივანის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი მკვლევარი ჩინიუ შიხი.
ჩინეთის ოფიციალური სტატუსტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს C5-ის ქვეყნებთან პეკინის ტვირთბრუნვამ $70,2 მლრდ შეადგინა, ევროპისკენ ტვირთნაკადის 80% კი ამ ქვეყნების გავლით ტრანზიტით იყო უზრუნვეყოფილი.


