აუდიტი: თავდაცვის სამინისტრომ "საიდუმლო“ გრიფის მქონე აქტის საფუძველზე 233 თანამშრომელზე 5 მლნ ლარის ოდენობის დანამატი გასცა, რაც სათანადოდ დაუსაბუთებულია

22-05-2023 11:47:40 თავდაცვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურმა უარყოფითი დასკვნა გასცა.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5,160,000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286,672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე.

აუდიტის სამსახურის ცნობით, აღნიშნული დანამატები სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

"2021 წელს 160,000 ლარზე მეტი დანამატი დარიცხულია 83 მოსამსახურეზე115 ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ზოგიერთ შემთხვევაში მოსამსახურეზე წლის განმავლობაში გარკვეული თვეების მიხედვით გაცემულია ერთი და იმავე ოდენობის დანამატი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თვის დანამატის გაცემის შემთხვევაში გამოცემულია მინისტრის ბრძანება, ბრძანებებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის საფუძველი.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. რამდენიმე შემთხვევაში სამინისტროს აპარატსა118 და ჰოსპიტალში არ არის დაცული ზემოაღნიშნული ნორმა. ხელმძღვანელობის განმარტებით, ჰოსპიტალის შემთხვევაში ზღვრების დაანგარიშება ხდება ელექტრონულ ფაილებში, სადაც ლიმიტების გადამოწმების დროს ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ არის მატერიალურად არსებითი, საჭიროა შესაბამისი კონტროლის მექანიზმის შემუშავება.

2021 წელს „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით დარიცხულია 154,150 ლარის ფულადი ჯილდო. აღნიშნულ ბრძანებებში ფულადი ჯილდოს გაცემის მოტივი და საფუძველი არასათანადოდ არის დასაბუთებული", – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ანგარიშზე თავდაცვის სამინისტროში ჯერ –ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები