უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება
22/05/2023 05:40:21 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 52 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 65-ჯერ დაცხრილეს.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 37 შეტაკება მოხდა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში არიან ბახმუტი და მარინკა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.
20 მაისს რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ "არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი ბახმუტი მთლიანად გაათავისუფლეს".
რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია, ინტენსიური შეტევა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს. ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.


