
ელენე ხოშტარია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
21/05/2023 12:18:07 საზოგადოება
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ხოშტარიას შეფასებით, პოლიციამ "ყვარლის ტბაზე" ძალისმიერად და შეურაცხმყოფელად დააკავა აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ:
„რაც ჩვენ გუშინ ყვარელში ვიხილეთ, ეს პირდაპირ მოღალატეების მოქმედება იყო, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას ჩვენს ქვეყანაში ეცეკვათ. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა დაღუპულ გმირს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფელად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სულ ასე იქნება. მე მივედი პოლიციის თანამშრომელს დავუპირისპირდი სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც ყოველ ჯერზე მიიღებენ. პოლიციელობა უბრალოდ ფორმის ქონა არ არის, პოლიციელობა არ არის ბიძინა ივანიშვილს და ლავროვს ემსახურო, პოლიციელობა არის ქვეყნის ღირსება დაიცვა და კანონი, რაც მათ დაარღვიეს ამაზე ყოველთვის რეაქცია იქნება”.
ხოშტარია ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „დროას“ ლიდერმა ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ხოშტარიას შეფასებით, სახალხო დამცველი „ბიძინა ივანიშვილის მსახურია“.
„მე პირადად, ვინც კახეთში დამაკავა არანაირი პრეტენზია მათთან არ გამაჩნია. თუმცა თვითონ პროცესი იყო მათთვისვე დამამცირებელი. დარბოდნენ, სადღაც მიმარბენინებდნენ, სადღაც მომარბენინებდნენ... სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ წამიყვანეს გარკვეული მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე სახალხო დამცველს არ გაუკეთებია. სახალხო დამცველი არის იგივე ივანიშვილის მსახური”, - განაცხადა ხოშტარიამ.
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული ოჯახის წევრების ყოფნა გააპროტსტეს. ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს 16 პირი. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შს მინისტრისგან, „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. ამის შემდეგ აქცია საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გაიმართა, სადაც პირველ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. დაკავებები იქაც განხორციელდა.