
რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით თბილისში აქცია დღესაც გაიმართება
20/05/2023 09:02:02 საზოგადოება
„რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება“, „რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება“, „რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება”, - ამ ლოზუნგებით დღეს 18:00 საათზე თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარელამენტის შენობის წინ აქცია იგეგმება.
აქციას „დემოკრატიის მცველები“ ანონსებენ. მთავარი მოთხოვნა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივი შეწყვეტაა:
„20 მაისს, 18:00 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ! ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან! დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება! ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები - სასტვენები, დოლები, ა. შ. ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია!“.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს, ხოლო კიდევ ერთ რუსულ კომპანია Red Wings–ზე 18 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.
19 მაისს მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტის ფონზე დაეშვა. ბოლო 4 დღეა, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს თბილისში, პარლამენტთან აპროტესტებენ.