
სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს
20/05/2023 08:53:19 საზოგადოება
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დღეს გამთენიისას დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნას აპროტესტებდა.
როგორც ეძგვერაძის თანაპარტიელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, დაკავებული გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი:
"როგორც გვითხრეს, დაკავებული ადმინისტრაციული წესით, როგორც ხდება ხოლმე, თითქოს ვიღაცას არ დაემორჩილა. არანაირი მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა, საუბრის დროს, გარკვევის დროს, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს".
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ყვარელში ლავროვის სანქცირებული შვილის შესაძლო ყოფნის თაობაზე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ჩავიდა.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.
ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.