
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიციაა მობილიზებული
20/05/2023 08:24:24 საზოგადოება
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ საპროტესტო აქცია იგეგმება. ოპოზიტიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სასტუმროსთან უკვე იკრიბებიან.
სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს სამართალდამცავები იცავენ.
სასტუმროსთან, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია იმყოფება. მისი თქმით, "სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილის გამართვის საშუალება არ უნდა მისცენ".
„დილის 5 საათისთვის მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის, რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი – უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია. ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“. ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს“, - განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფება, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.
ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.