
მოწოდებით „არა რუსულ ფრენებს“ რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება
19/05/2023 08:30:38 პოლიტიკა, საზოგადოება
„არა რუსულ ფრენებს” - ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ წუთებში, პირველი რესპუბლიკის მოდენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსვლელობით მიემართებიან.
ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე აქციას გამართავენ, რითაც გააპროტესტებენ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, თბილისის აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას. აქციის ორგანიზატორი პარტია „დროა“ არის.
როგორც პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ რუსეთს ემსხვერპლნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან: გიგა ოთხოზორია, გიორგი ანწუხელიძე, დევნილები, რომლებმაც ბევრი ტანჯვა გამოიარეს თუნდაც იმ თვითმფრინავებით, რომლებიც ბომბავდა საქართველოს და დღეს ჩამოდის რუსული თვითმფრინავი.
„დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“, რუსეთისთვის, ჩვენი უკრაინელი და დასავლელი პარტნიორებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ არავის ეგონოს, ფრენების აღდგენა ნორმალური ამბავია. ასევე, დღეს საღამოს პარლამენტთან გაიმართება აქცია. ანუ პროტესტის ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოხატვის ფორმაა ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგანაც კარგად გვესმის, რომ ეს არის არა უბრალოდ ფრენა, არამედ ჩვენ სუვერენიტეტზე თავდასხმა და „ქართული ოცნების“ ღალატი. ნიშანდობლივია ის, რომ როგორც „აზიმუტში“ კომენტარში თქვეს, პატარა „ტრიუკი“ გავაკეთეთ და ადრე გავფრინდითო, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას მნიშვნელობა და გავლენა აქვს და მოუწევთ ანგარიშის გაწევა. ამის მიუხედავად ჩვენ დროულად მივალთ და გავაპროტესტებთ. ყველა დაინახავს, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოში არის მიუღებელი და ყველა პროტესტით ხვდება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება.
flightradar-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:46 წუთზე ავიაკომპანია "Azimuth Airlines"–ის თვითმფრინავი უკვე 38 წუთის გამოფრენილი იყო მოსკოვიდან. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ 12:50 საათია მითითებული.
მანამდე არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა. თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი ხვალ შესრულდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.