Reuters: NATO პირველად, ცივი ომის შემდეგ, რუსული საფრთხის წინააღმდეგ გეგმას შეიმუშავებს
18/05/2023 19:09:06 მსოფლიო
ვილნიუსის სამიტზე ნატო–ს ლიდერები შეათანხმებენ საიდუმლო დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე პასუხი, – წერს Reuters-ის ნატო–ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
არსებობს მოლოდინი, რომ ივლისის სამიტზე ნატო–ს ოფიციალური პირები დაამტკიცებენ ათასობით გვერდიან საიდუმლო სამხედრო გეგმას, რომელიც პირველად, ცივი ომის შემდეგ, პოტენციური რუსული საფრთხისგან თავის დაცვას განსაზღვრავს.
„მოკავშირეებს ზუსტად ეცოდინებათ, რა ძალები და შესაძლებლობებია საჭირო, კერძოდ, სად, რა და როგორ განლაგდნენ“, - თქვა ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საიდუმლო დოკუმენტებზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ცივი ომის მსგავსად, გარკვეული ჯარები გამოიყოფა გარკვეული რეგიონების დასაცავად.
გამოცემა ციტირებს ნატო–ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ადმირალ რობ ბაუერს, რომელიც აღნიშნავს განსხვავებას კრიზისის მართვასა და კოლექტიურ თავდაცვას შორის.
„დროს ჩვენ კი არა, ჩვენი მოწინააღმდეგე განსაზღვრავს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი შეიძლება, ნებისმიერ დროს წარმოიშვას“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, ნატო არ აგროვებს ჯარებს აღმოსავლეთ ფლანგზე გამჭვირვალობის მიზნით, – ამბობს SHAPE-ს შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ჰუბერტ კოტერო.
„საზღვარზე ჯარების შეგროვება ჩაქუჩის ქონას ჰგავს – რაღაც მომენტში მოგინდებათ ლურსმნის პოვნა. თუ რუსები აგროვებენ ჯარს საზღვარზე, ეს ჩვენ გვანერვიულებს, თუ ჩვენ ვაგროვებთ ჯარს საზღვარზე, ეს მათ ანერვიულებთ“, - განმარტავს ის.
ამავდროულად, კოტერო თვლის, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ „ამაღამ, საჭიროების შემთხვევაში, იმით იბრძოლონ, რაც აქვთ“.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ და ნატო არ მისცემენ ნებას, "ჩაითრიონ" რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში, მაგრამ დაუჭერენ მხარს უკრაინას "რამდენი ხანიც საჭირო იქნება“.
2022 წლის ივნისში ნატომ რუსეთი მთავარ საფრთხედ აღიარა და ამ გამოწვევაზე "ერთიანობითა და პასუხისმგებლობით" პასუხის გაცემის განზრახვა გამოთქვა.


