მოლდოვამ და აშშ–მა "ღია ცის" შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

18-05-2023 22:46:34 ევროპა

მოლდოვამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის" შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს შესაძლებელს ხდის. ეს პირველი ორმხრივი შეთანხმებაა ქვეყნებს შორის საჰაერო სივრცის მიმართულებით.

დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ფრენების შეუზღუდავ სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს, ხელი მოაწერეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხში რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ლილია დაბიჟამ.

"მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოვებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ადამიანური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვის", - დარწმუნებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნასა და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების მიმართულებების დივერსიფიცირებას. ამასთან, ხელშეკრულებას პოზიტიური გავლენა ექნება ორი ქვეყნის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები