კობახიძე აშშ-ს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს
18/05/2023 16:23:27 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზაზე უარის თქმის მაღალ მავენებელს „დისკრიმინაცია“ უწოდა.
მისი თქმით, თბილისში აშშ-ის საელჩომ ვიზები მხოლოდ 37%-ის შემთხვევაში გასცა და რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. სავარაუდოდ, კობახიძემ 2021 წლის სტატისტიკა მოიყვანა. მაშინ საქართველოს მოქალაქეებზე უარის თქმის მაჩვენებელი 63% იყო, 2022 წელს კი 42%-მდე დაიწია.
ვიზებზე უარის 2022 წლის სტატისტიკა ამგვარია:
- საქართველო 42.01%
- სომხეთი 37,87%
- აზერბაიჯანი 23,54%
- რუსეთი 26.18%
- უკრაინა 41.27%
- მოლდოვა 43,57%
მანამდე კობახიძემ ანსამბლ „მართვეს“ 50 წევრისთვის ამერიკული ვიზის აღებისას წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის იყო კობახიძის შვილიც. პოლიტიკოსმა ეს ირიბად დაადასტურა.
საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყველამ, ვისაც ვიზის აღება სურს, შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს:
„ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, გარდა ამისა, გვაქვს კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან აშშ-ში. მაგალითად, გასულ წელს, ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება. ასევე, მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად. ეს პროცესი არის გამჭვირვალე".
დიპლომატის განცხადების კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მიმართ საელჩოს დამოკიდებულება გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო კრიტიკის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა ვაშინგტონს, ასევე გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და დანიშნოს პირდაპირი რეისები თბილისში.


