
აზარაშვილი: ონკლოგიური მედიკამენტების სრულად დაფინანსებას ვგეგმავთ
18/05/2023 15:31:32 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ონკოლოგიურ მედიკამენტების დაფინანსების 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახენ მან 18 მაისს პარლამენტში განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, მთავრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს მედიკამენტების მწარმოებლებთან.
„ჩვენ ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის პირდაპირი კომუნიკაცია დავიწყეთ მწარმოებლებთან. ჩემი მოადგილე იყო უკვე შვეიცარიაში ორ შესაბამის მწარმოებელთან, სადაც პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მომავალი თვიდან გვექნება ამ კომპანიასთან პირდაპირი კონტრაქტები.
ჩვენი გათვლებით, 40%-დან 50%-მდე დაზოგავს სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებზე გადასახდელ ფასს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, ონკლოგიურ მედიკამენტებზე დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი საერთოდ გავაუქმოთ და სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით დაკმაყოფილება“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.