
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, როდისთვის განიხილავს სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას
18/05/2023 15:02:13 საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადავა საპატიმროში, როდესაც ექიმები მისი განკურნების შესახებ დადებენ დასკვნას.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მან ისაუბრა ელჩებთან შეხვედრაზეც, რომელიც დგეს შედგა.
„შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან გაიმართა ჩვენი ინიციატივით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და ასევე მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ საუბარს მოვერიდები.
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის არ აქვს რაიმე სახის კითხვა. სტრასბურგში წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელეს მხრიდან, ასევე საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე ბუნებრივია კითხვა არავის გააჩნია. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმები და არა პოლიტიკური აღქმებით და შთაბეჭდილებებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.