ალვანელებს გზების გაწმენდის მოთხოვნით აქციის გამართვა მოუხდათ

18-05-2023 18:00:38 რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

მათი თქმით, უამინდობისა და გაუწმენდავი გზების გამო, თუშეთში ზაფხულის საძოვრებზე მწყემსებმა საჭირო ინვენტარი ვერ წაიღეს, რის გამოც ზარალდებიან – არ აქვთ საჭირო ჭურჭელი, საკვები, თბილი სამოსი.

"მეცხვარეები თუშეთში წავიდნენ 3 მაისს. იმის გამო, რომ გზებზე თოვლი იდო და ახლაც ასეა, ცხენები ვერ წაიყვანეს, შესაბამისად ვერ მოახერხეს ყველა საჭირო ნივთის თუ ინვენტარის წაღება. უამინდობისას გზაზე ასეულობით ცხვარიც დაიხოცა. მეცხვარეებს ასევე არ აქვს კვეთი, რომლითაც ყველი უნდა ამოიყვანონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში ვერტმფრენით რეისი დაინიშნოს, რათა მეცხვარეებს მივაწოდოთ ყველა ის ნივთი, რაც სჭირდებათ", - უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივმა სოსო ბაბულაიძემ.

კიდევ ერთი მოთხოვნა თუშეთის გზის გაწმენდის დროული დაწყებაა. მათი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე არსებობს, თუმცა მერიას ხელშეკრულება არ გაუფორმებია, შესაბამისად, გზა არ იწმინდება. აქციის მონაწილეები წუხან, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გზის გაწმენდის დაწყება, მუდმივად გვიანდება. დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ოქტომბრიდან მაისის ნახევრამდე ყოველთვის იკეტება.

მომიტინგეებს ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური შეხვდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენით უახლოეს მომავალში სამი ფრენაა ჩანიშნული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კავკასიონის მთებზე 4-5 დღის განმავლობაში საფრენი ამინდი არ იქნება. ეს ამ ხალხმაც იცოდა და რატომ გამოვიდნენ ქუჩაში, არ ვიცი. 2022 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე 20-ზე მეტი რეისია შესრულებულ. რაც შეეხება გზების გაწმენდას, ძველი კონტრაქტორი ამ სამუშაოებს ახორციელებს და ახალთანაც მალე გაფორმდება ხელშეკრულება, თუმცა მოგეხსენებათ, თუშეთის გზა საქართველოში ერთ-ერთი რთული მონაკვეთია და იქ ზვავის საშიშროებაა. ამიტომ მხოლოდ დილაობით მუშაობენ" - თქვა ახმეტის მერმა.

მერის განცხადებას აქციის მონაწილეებისთვის სიმშვიდე არ მოუგვრია, თუმცა ამ ეტაპზე დაიშალნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები