რუსული „კალიბრი“ ყირიმში ჩამოვარდა
18/05/2023 12:45:49 მსოფლიო
რუსული ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ ყირიმში ჩამოვარდა, – იტყობინება ტელეგრამ–არხი ASTRA.
ფრაგმენტები ყირიმის ლენინსკის რაიონის სოფელ ვულკანოვკას მახლობლად, ტყეში მწყემსმა 17 მაისს დილის 6:30 საათზე იპოვა.
„შემთხვევის ადგილზე მისული ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩამოვარდნილი რაკეტა იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „კალიბრი“. მსხვერპლი არ არის“, - წერს ტელეგრამ–არხი.
ანექსირებული ყირიმის რუსულ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე „კალიბრის“ რაკეტებს ისვრის. რუსეთის უახლესი შეტევები განხორციელდა 17 მაისის საღამოს და 18 მაისის დილით - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, სამხედროებმა დააფიქსირეს 30 საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო რაკეტის გაშვება.
როგორც Defense Post-ი წერდა, „კინჯალის“ რაკეტას გასული წლის სექტემბერში არ მიუღწევია უკრაინამდე და MiG-31–ის თვითმფრინავიდან გაშვების დროს დაეცა რუსეთშივე – უკრაინის საზღვრიდან 350 კილომეტრში, ქალაქ სტავროპოლში.
დამკვირვებლები, რომლებიც კადრებს აანალიზებდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაკეტებმა არ იმუშავა, რადგან თვითმფრინავიდან გაშვებისას რაკეტის ამაჩქარებელი ან აეროდინამიკური საფარი არ მოშორდა იარაღს და მთავარი ძრავა არ ამუშავდა.


