
გორში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა
18/05/2023 08:20:06 საზოგადოება
გორში 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას ინფექციისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, მცირეწლოვანი თავდაპირველად კლინიკა „გორმედში“ მიიყვანეს, სადაც, მისი თქმით, ექიმებმა სათანადო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვი თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადაეყვანა.
ციციშვილის კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ მცირეწლოვანი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით 1 საათში გარდაიცვალა:
"ანამნეზით ვიცით, რომ იყო ჩუტყვავილა, მე-7 დღე იყო ავადობის, ჩვენთან შემოვიდა გულის გაჩერებით, გაფართოებული გუგებით და სუნთქვის გაჩერებით. ამას ჰქვია უკვე კლინიკური სიკვდილი. გზაში ტრანსპორტირებისას ცუდად იყო, მშობელს მოჰყავდა თვითდინებით. ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ უშედეგოდ. დღეს დილას გარდაიცვალა, ერთი საათიც არ ყოფილა ჩვენთან, პრაქტიკულად, გარდაცვლილი იყო”.
რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ გიუნაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.