ღარიბაშვილმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა
18/05/2023 06:09:28 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა", – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში.


