უკრაინის საკითხებში ჩინეთის სპეცწარმომადგენელი კიევში ჩავიდა
17/05/2023 19:16:55 მსოფლიო
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინაში ჩავიდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას შეხვდა.
„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე რუსული აგრესიის შეჩერების გზები“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რელიზის მიხედით, კულებამ "დაწვრილებით აცნობა" ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს "მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე".
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს არანაირ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას.
„მინისტრმა აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო ფორმულის, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალისხმევის განხორციელებაში ჩინეთის მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გააქტიურებაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. უკრაინის ლიდერმა დანიშნა ახალი ელჩი ჩინეთში.
ეს იყო პირველი საუბარი ლიდერებს შორის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა „უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი“ დანიშნა.


