რუსეთი და თურქეთი „მარცვლეულის გარიგების“ გახანგრძლივებას ადასტურებენ
17/05/2023 16:23:07 მსოფლიო
ე.წ. „მარცვლეულის გარიგება“, რომელიც უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტს ითვალისწინებს, კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა და იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამაც.
„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების წვლილის წყალობით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება კიდევ ორი თვით“, - განაცხადა ერდოღანმა.
უკანასკნელი გახანგრძლივების შემდეგ შეთანხმების მოქმედებას 18 მაისს ეწურებოდა ვადა. რუსეთი ბოლო მომენტამდე არ თანხმდებოდა ახალ გახანგრძლივებას და დამატებით მოთხოვნებს აყენებდა. რა პირობებით დასთანხმდა მოსკოვი გარიგების გახანგრძლივებას, ჯერ უცნობია.
შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა, რათა შემსუბუქებულიყო საკვების გლობალური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა მოსკოვის შეჭრით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში.


