Accentnews.ge
სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე

სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე

17/05/2023 14:45:24 საზოგადოება

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ზურაბ გურასპაშვილი

კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა.

დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.

უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურორი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში. სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ „ზურაბ გურასპაშვილს აქვს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.

პარლამენტში კანდიდატთან გასაუბრებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაგზავნილი განაცხადების კლების შესახებ ზურაბ გურასპაშვილმა უპასუხა:

„ეს რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლო გარკვეულწილად, როგორც სასამართლო, რომელიც ასე ვთქვათ პრაქტიკას აყალიბებს და ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ წავიდა. და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები ამ პრაქტიკით მიდიან. შესაბამისად ის 3-საფეხურიანი სასამართლო, რომლის სარგებლობის უფლებაც აქვთ მოქალაქეებს, არის ბოლომდე დამოუკიდებელი. სისტემა გაძლიერდა, რამაც განაპირობა მოქალაქეების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში ნაკლები საქმეების და საჩივრების შეტანა.“

ტრისტან ბენაშვილი

კანდიდატის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ და შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა წარადგინეს.

დაბადების თარიღი: 1977 წელი 3 მაისი.

განათლება: 1994- 1998 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს-სამართალმცოდნეობის ბაკალავრი. 2002-2005 წლები, საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ტრისტან ბენაშვილი „სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის მიმართულებით“, ასევე, მას აქვს ჩაბარებული მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

პარლამენტში კანდიდატთან გასაუბრებისას გამოწვევებთან დაკავშირებით ტრისტან ბენაშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში რა თქმა უნდა იყო გამოწვევები, არის და იქნება. მისი აზრით, ნელ-ნელა, მაგრამ სასამართლო მაინც ვითარდება. ამის რწმენის საფუძველს მას აძლევს საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესული ცვლილებები. მან ასევე ისაუბრა სასამართლოს მიმართ ნდობის შესახებ და აღნიშნა:

„რაც შეეხება უფლებების რეალიზაციას, უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომ გამოწვევები არ არსებობს ეს ჩანს სასამართლოში მიმართვიანობითაც. თუ ავიღებთ სტატისტიკას, ყოველ თვე, ყოველ წელს იზრდება მიმართვიანობის სტატისტიკა. თუ [სასამართლოს მიმართ] ნდობა არ არსებობს, შესაბამისად სარჩელებიც არ შევა. ამას მოწმობს სასამართლოს სტატისტიკა ადმინისტრაციული მიმართულებით, როდესაც 60-65% შემთხვევებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები იგებენ სასამართლო პროცესებს და უამრავი სხვა ფაქტორი მოწმობს ამას. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, შესაბამისი კვლევები. ავიღოთ მაგალითად „იფსოს ფრანსის“ კვლევა და სხვა ფაქტორები.“

გიორგი გზობავა

კანდიდატი აიპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარადგინა.

განათლება: 1994 – 1999 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა (სრული კურსი), კვალიფიკაცია – იურისტი.

სამუშაო გამოცდილება: 2015 წლიდან – დღემდე – აიპ “განათლება ყველა ბავშვს”; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 1997 წელი – თბილისის სამხედრო პროკურატურა.

საქმეთა გაჭიანურების შესახებ, საქართველოს პარლამენტში გასაუბრების დროს გიორგი გზობავამ აღნიშნა, რომ:

„საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებიდან სასამართლოში თარჯიმნების არარსებობა, თარჯიმნების ნაკლებობა შემიძლია დავასახელო, ასევე, მოსამართლეების მცირე რაოდენობა, სასამართლო დარბაზების, ასე ვთქვათ, შესაბამისი აღჭურვის არქონა, სასამართლო დარბაზების არქონა. მოსამართლეებს აქვთ დღეები სასამართლოში საქმეების განხილვის, ისიც მერე ხანდახან სხვანაირად ემთხვევა, არის ხშირად პროცესი გადაიდება იმიტომ, რომ სხვა მოსამართლეს გაუგრძელდება პროცესი და იმ დარბაზში ვერ შედიხარ და სხვაგან დარბაზი არ არის. ეს ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უამრავი დარბაზია, მაგრამ საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეები ისედაც ცოტანი არიან. მაინც არსებობს დარბაზების აღჭურვის საკითხიც. მოძველდა. ხშირად ხდება რომ ვიდეო მტკიცებულებებს ვერ იკვლევენ იმიტომ, რომ პროექტორი არ მუშაობს დარბაზში. თუ ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ მტკიცებულებების დიდ ეკრანზე გამოკვლევას, მას სჭირდება პროცესის გადადება, თუ არა და მოსამართლის ან მისი თანაშემწის ლეპტოპზე ხდება ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა.“

***

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

მოგვიანებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 5 დეპუტატიდან, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია.

მისი თქმით, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანსა და ბაჩუკი ქარდავაზე. ხაბულიანის გარდა ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია. ქარდავამ გაუგებრობა უწოდა მომხდარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S