რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელთა დეპორტაცია დააკანონა
17/05/2023 14:36:17 მსოფლიო
რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელთა დეპორტაცია დააკანონა. კერძოდ, სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა ადამიანთა იძულებით გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიებიდან, რომლებზეც რუსულ საოკუპაციო ადმინისტრაციას საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული, ასევე მოქალაქეთა 30 დღე-ღამით დაპატიმრებას პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით შემოღებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები აცხადებენ, "მოქალაქეთა დეპორტაცია განხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მდგომარეობა გამოცხადებული არაა".
მათივე მტკიცებით, ცვლილებების მიზანს "მოქალაქეთა უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა" წარმოადგენს.
სადღეისოდ რუსეთს საომარი მდგოარეობა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს გამოცხადებული.


