რუსეთი ირანში სარკინიგზო პროექტისთვის 1,3 მლრდ ევროს გამოყოფს
17/05/2023 12:06:59 მსოფლიო
ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც 17 მაისს გაიმართა, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ებრაჰიმ რაისი ვიდეოკავშირით მონაწილეობდნენ, – იუწყება „კომერსანტი“.
პროექტის ჯამური ღირებულება მილიარდ ექვსას მილიონ ევროდ არის შეფასებული. ნოვაკის თქმით, სახელმწიფოთაშორის სესხში რუსეთის წილი 85%-ია.
რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთთან ვაჭრობისთვის.
რაშტ-ასტარის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაცია 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.


