ანა ნაცვლიშვილი: ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ფარულად გაურიგდა „ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში შეეყვანათ ადამიანები „კლანის" მფარველობისთვის
17/05/2023 10:23:17 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში შეეყვანათ ადამიანები „კლანის" მფარველობისთვის".
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი არის ერთ - ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული გარიგება და მოსყიდვა, 12 რეკომენდაციის სულისკვეთების ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით დარბაზს, რათა გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან და მათ შეწყვიტეს კენჭისყრა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.
კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. სამი წევრის არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში შეჩერებულია.
აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია.


