Accentnews.ge
ომბუდსმენი: საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზული პრობლემაა

ომბუდსმენი: საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზული პრობლემაა

17/05/2023 07:08:30 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ომბუდსმენი ოფისის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას. სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები. შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს".

​ცნობისთვის: 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა. კერძოდ,1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.

2013 წლის 17 მაისს თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და საქართველოს მოსარჩელეებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ააიპ "იდენტობისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის" (EHRAC) ერთობლივ საქმეზე -„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 17 მაისს ქაშუეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S