რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" თავის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალი წაშალა
16/05/2023 21:58:43 პოლიტიკა
რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთსა და ცხნვალის რეგიონთან დაკავშირებით თბილისში აგორებული სკანდალის გამო თავის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი ამოიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც უკვე ამის გამო მოსკოვში აგორდა სკანდალი, ქვეყნების ჩამონათვალი საერთოდ წაშალა. ამიერიდან კომპანიის საიტზე რეგისტრაციისა და ბილეთის შეძენისას საკმარისია დოკუმენტის ან პასპორტის ნომრის მითითება მისი გამცემი სახელმწიფოს მითითების გარეშე, - იუწყება რუსული მედია.
იმ ფაქტს, რომ რუსული ავიაკომპანიის საიტზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად იყვნენ მითითებულები, სოცქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მიაქციეს ყურადღება, სკანდალის აგორებიდან მალევე, დაახლოებით 2 საათში კი საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ქვეყნების ჩამონათვალიდან გაქრა.
თუმცა მეორე დღეს უკვე ამის გამო თავად მოსკოვში აგორდა სკანდალი: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა, "გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ და მისი დადასტურების შემთხვევაში პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ კი კომპანიას ფრენის ლიცენზია შეუჩეროს".
"შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და ხვალ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები“ - განაცხადა მაკიევმა.
ამის შემდეგ ავიაკომპანიის საიტიდან ქვეყნების ჩამონათვალი საერთოდ გაქრა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. მისივე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ ფიგურირებს ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა შავ სიაში.


