რუსული ავიაკომპანიები ფრენებს ვადაგასული სათადარიგო ნაწილებით აწყობილი თვითმფრინავებით ახორციელებენ
16/05/2023 21:55:23 მსოფლიო
რუსეთის მიმართ სანქციების გამო დასავლური სათადარიგო ნაწილების მიწოდებებს მოწყვეტილი რუსული ავიაკომპანიები ფრენებს ვადაგასული სათადარიგო ნაწილებით აწყობილი თვითმფრინავებით ახორციელებენ, გასული 2022 წლის განმავლობაში ამ პირობებში 2 ათასამდე რეისი შესრულდა, - იუწყება გამოცემა «Коммерсант» "როსტრანსნადზორის" ხელმძღვანელ ვიქტორ ბასარგინზე დაყრდნობით.
"სანქციებისა და მათ ფონზე შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ავიაკომპანიები მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად განაგრძობენ, თუმცა ვითარება სულ უფრო სარისკო ხდება, რაც ასობით ავიასაწარმოს დაუგეგმავმა შემოწმებამ აჩვენა. დასავლური სათადარიგო ნაწილების გამომყენებელ საწარმოებში უკვე სერიოზული დეფიციტია. მიწოდებები თვეობით იგვიანებს, ზოგიერთი სათადარიგო ნაწილების შოვნა კი უბრალოდ შეუძლებელი გახდა. შედეგად ავიაკომპანიები იძულებულები არიან, საავიაციო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები უგულებელჰყონ, რაც პირდაპირ აისახება ფრენების უსაფრთხოებაზე" - განაცხადა, გამოცემის ინფორმაციით, ბასარგინმა სახელმწიფო სათათბიროს ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენისას.
გამოცემა «Проект»-ი კი სახელმწიფო კომპანია "აეროფლოტის" თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის გაზაფხულიდან ავიაგადამზიდები პერსონალისგან მოითხოვენ, ბორტ-ჟურნალებში ტექნიკის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არ ასახონ, რის შედეგადაც ხშირად რეისებს გაუმართავი საჰაერო ხომალდები ასრულებენ და ანალოგიური ვითარებაა სხვა ავიაგადამზიდებშიც.
ცნობისთვის: პრეზიდენტ პუტინის მიერ 10 მაისს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამომისვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას უკვე 4 რუსული ავიაგადამზიდი გეგმავს, სურვილი აქვთ სხვებსაც.


