
აქციის "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "Georgian airways"-ის ოფისთან გადაინაცვლეს
16/05/2023 17:08:21 პოლიტიკა, საზოგადოება
აქციის "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით "Georgian airways"-ის ოფისთან გადაინაცვლეს.
ისმის შეძახილები – "არა რუსულ ფრენებს!".
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტთან გუშინაც გააპროტესტეს.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს" მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.