
პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" იმართება
16/05/2023 16:16:30 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" იმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის წევრები.
ისინი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერით: "არა რუსულ მთავრობას", "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება", "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები". ისმის საყვირების და გონგის ხმა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა მოქალაქეებმა პარლამენტთან გუშინაც გააპროტესტეს.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს" მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.