
საელჩოები: საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა შეწყვიტეთ
16/05/2023 15:37:51 პოლიტიკა, საზოგადოება
ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი კიდევ ერთხელ მიესალმებიან მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. საელჩოები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები. ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.
თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდკვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა. კერძოდ,1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.
ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.
2013 წლის 17 მაისს თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და საქართველოს მოსარჩელეებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ააიპ "იდენტობისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის" (EHRAC) ერთობლივ საქმეზე -„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 17 მაისს ქაშუეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.