რუსი დეპუტატი „აზიმუტის“ გადამოწმებას მოითხოვს
16/05/2023 14:18:05 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართვას, გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ის პროკურატურას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კი მიმართვას, შეუჩეროს ლიცენზია „აზიმუტს“
„გთხოვთ, შეამოწმოთ "აზიმუტის" გადაწყვეტილების რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა“, - წერს რუსეთის სახელისუფლებო პარტიის წევრი ზურაბ მაკიევი.
მისი თქმით, "შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის" ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და „ხვალ კომერციული სარგებლის მიღების გამო, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და და ზაპოროჟიეს ოლქები“.
მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" (Azimuth Airlines) საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები ქვეყნების სიიდან ამოიღო.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
იხილეთ ასევე: სტანო: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე დაეცა


