სტანო: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე დაეცა
16/05/2023 12:18:26 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე დაეცა.
"ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა რუსეთის ავიაციის სექტორს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები და პარტნიორები ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე კრძალავენ. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას საქართველოს ევროპულ გზასთან და საქართველოს ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან(გასულ წელს) 31%-მდე (მიმდინარე წელს) დაეცა . ეს ჩვენ შეშფოთებას ნამდვილად იწვევს და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.
გარდა ამისა, ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც გასულ კვირაში ვთქვი – გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება. რუსეთის საავიაციო სექტორისა და ხომალდების უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთება საქართველოს მთავრობას უკვე გადაეცა", – განაცხადა სტანომ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


