CIA-მ ტელეგრამ-არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა
16/05/2023 11:22:30 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ტელეგრამ–არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, უწყებას ინფორმაცია გაუზიარონ.
„თქვენი ინფორმაცია შეიძლება, იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ", – აცახდებს CIA. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ.
პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა შექმნა, შეერთებულ შტატებთან თავად დაამყარონ კონტაქტი.
„ჩვენ გვინდოდა რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ", – განაცხადა CIA-ს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.
როგორც სააგენტო იტყობინება, "დაელოდება მის მიმართ მიმართვებს, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისგან, რუსეთის დაზვერვის ჩინოვნიკებისგან, დიპლომატებისგან, მეცნიერებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის ან მთავრობის შესახებ".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, CIA-ის ტელეგრამ–არხის შექმნის შესახებ კომენტირებისას RBK-ს შემდეგი განუცხადა:
„ძალიან მოსახერხებელი რესურსია იმათი თვალთვალისთვის, ვინც [CIA-ს] მიმართავს“.


