სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: „ჯორჯიან ეარვეისმა“ 20 მაისიდან მოსკოვში ფრენის ნებართვა მიიღო
16/05/2023 10:37:43 პოლიტიკა
დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს" მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს.
„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


