
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ აქციებს აანონსებს
16/05/2023 09:05:51 საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით, 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ითქვა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ნიკა გვარამია არ გათავისუფლდება.
„დღეს გახდა ერთი წელი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან. ჩვენ ამ უკანონო პატიმრობას ვაპროტესტებთ და ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას არავითარი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა არ აქვს, სანქციებიც რომ არ ყოფილიყო შემოღებული ქართველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენთვის ცხადია, ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი და იქნება თავისუფალ საქართველოში! ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ დიდ აქციას. კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს“,-განაცხადა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ.
28 მაისს პრეზიდენტი ევროპარლამენტში გეგმავს სიტყვით გამოსვლას.