ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა
16/05/2023 08:13:05 პოლიტიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დღეიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში" ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან სარკინიგზო მიმოსვლა შეიზღუდა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა", - აცხადებენ, "რადიო თავისუფლების" ცნობით, „საქართველოს რკინიგზაში“.
გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდებოდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი-ახალქალაქის 98-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი - საქართველოს. გარდა ამისა, ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც გარემონტდა
რკინიგზა სატესტო რეჟიმში 2017 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „რუსეთის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან შესაძლო მიერთების შესახებ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პროექტია და ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.


