ხოშტარია: რუსული თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, კოლონით მივალთ აეროპორტში
16/05/2023 07:50:08 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 19 მაისს რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოში პირველი პირდაპირი რეისის შესრულების დროს აქციას აანონსებს.
მისი თქმით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონით აეროპორტისკენ გაემართებიან.
როგორც მან აღინიშნა, ყველას უნდა აჩვენონ, რომ "ქართული ოცნების" გარდა, რუსულ თვითმფრინავს საქართველოში ტაშით არავინ ხვდება:
"ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართული საზოგადოება. 19 [მაისს] რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კოლონით წავალთ. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არაა, ვინ როგორ გადაწყვეტს სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ "ქართული ოცნების" გარდა, ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება".
იგი მიიჩნევს, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვის გაცემა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
"ავიაკომპანია "აზიმუტს", რომელიც ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ აეროპორტში, აკრძალულია იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბომბავს უკრაინას, საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთო. ავიაკომპანიის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, სისხლში ამოსვრილი მოღალატე, ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში. ასევე ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და ცხინვალი ეწერა, როგორც ე.წ. სახელმწიფოები. მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით. ეს პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, ოკუპაციის კანონს. და რა გააკეთა მთავრობამ გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა? დაუკავშირდა რუსეთს და სასწრაფოდ ორ საათში მოხსნეს ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან?!", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


