ზალუჟნი: ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა გავანადგურეთ
16/05/2023 06:20:01 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული 18–ვე რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგემ 6 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, საზღვაო ბაზირების 9 რაკეტა „კალიბრი“ და 3 სახმელეთო რაკეტა C-400 „ისკანდერი“ გამოიყენა.
უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში 02:24 საათიდან გამოცხადდა და მოგვიანებით, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქების გარდა, ქვეყნის ყველა ოლქი მოიცვა. განგაში დილის 6 საათისთვის შეწყდა.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტების და "დრონების" ნამსხვრევებმა კიევის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე შენობა დააზიანა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 3 ადამიანი. რუსული რაკეტის ნამსხვრევები კიევის ზოოპარკის ტერიტორიაზეც ჩამოცვივდა.


