უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტების თავდასხმები ბახმუტსა და მარინკაზეა კონცენტრირებული
16/05/2023 06:10:44 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 48 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სულ მცირე, 50-ჯერ დაცხრილეს .
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 49 შეტაკება მოხდა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება, მის შემოგარენში კი, მოწინააღმდეგე უშედეგოდ უტევდა დასახლებული პუნქტ ივანოვსკოეს მიმართულებას. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ მარინკის რაიონში მოიგერიეს მოწინააღმდეგის „მრავალრიცხოვანი შეტევა“.
გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 7 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და საცეცხლე პოზიციებზე მყოფი 4 საარტილერიო ქვედანაყოფი.


